პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილის წერილი, რომელსაც ის სტრასბურგში აგზავნიდა, დაიკარგა.
„გამარჯებული საქართველოს" ლიდერი საჩივრის დაკარგვაში სუს-ს ადანაშაულებს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, მან facebook-ზე სტატუსი გამოაქვეყნა. ოქრუაშვილი წერილში აღნიშნავს, რომ სუს-მა საჩივარი საქართველოს ფოსტის მეშვეობით გააქრო.
ოქრუაშვილის თანაპარტიელი, გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო მოქალაქეებს არ აძლევს საშუალებას საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაასაჩივრონ.
„გახარია-ივანიშვილის ბრძანების გარეშე შეუძლებელია, ვინმემ ფოსტაში ჩაბარებული დოკუმენტაცია მოიპაროს. უკვე იმ დონეზეა ხელისუფლება, რომ ისინი იპარავენ სარჩელებს, რომელიც უნდა გაიგზავნოს სტრასბურგში და ადამიანებს გასაუბრების უფლებასაც არ აძლევენ. რა თქმა უნდა, რომ არსებობდეს ქვეყანაში სამართალი, უნდა აღიძრას საქმე სასწრაფოდ და ყველა დამნაშავე იქნას დასჯილი, მაგრამ რა თქმა უნდა, ამის იმედი არავის აქვს“, - განაცხადა ჩალაგაშვილმა.